გურამ დოჩანაშვილი - /*აჩხოტელების ბატონი*/ - ქართული პროზა ბლოკჩეინზე

in georgian •  6 years ago 

აჩხოტელების ბატონი

დაბალ სკამზე ჩამომჯდარი შიოლა წარბშეჭმუხნილი დასცქეროდა სოხანეს. ბუხარში ცეცხლი ენთო, სინათლე დასთამაშებდა შიოლას სახეზე. სამი ვაჟკაცი ატუზულიყო დედაბოძთან, ხმაგაკმენდილნი, შიშითა და მოთმინებით უცდიდნენ მამის ალაპარაკებას. ისინიც შიოლასავით კუშტად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მათი სახეები მაინც მორჩილებისა და ყველაფრისადმი მზადყოფნის უხეში ბეჭდით იყო დადაღული, შიოლა მიწას დასცქეროდა და მხოლოდ ამიტომ ბედავდნენ მამისაკენ თვალის გაპარებას. გაბრაზებული ჩანდა ღუდუშაურთა გვარის მეთაური, ყველაფერს ერჩიათ ახლა მის შვილებს, ოდნავ გახსნოდა მამას სახე; ბუხრიდან გამოგამოვარდნილი დარეტიანებული სინათლეც ჯიუტად ეხახუნებოდა შიოლსა სახის ნაკვთებზე, თითქოს სამი ძმის სურვილს ემორჩილებაო. რა გაახსნევინებდა სახეს შიოლას – მრისხანების ტლანქი ხელები მარწუხებივით ჩაბღაუჭებოდა შუბლიდან ნიკაპამდე და მაგრად, მაგრად უჭერდა თითებს.

ეს რა გაუბედეს აჩხოტის ბატონს, ერისთავებთან დაახლოებულ კაცს, შარამბალის მამას, გააზნაურებულ შიოლას – მისივე თემელი, ტანსაცმელჩამოხეული იაგორა, თავისი ცინგლიანი ბღარტის გულისათვის დაემუქრა კიდევაც. ვის გაუბედია აქამდე რამე: ხალხზე ბატონობდა – ხმა არავის ამოუღია, ბეგარას ითხოვდა და იღებდა კიდეც, რასაც იტყოდა, ყველაფერს უსრულებდნენ, დედამისის შვილები იყვნენ და არ შეესრულებინათ ნაცარტუტად აქცევდა იმათ სახლ – კარს შიოლა.

ეს სამი შვილი და ნათესაობა სულ რომ არ ჰყოლოდა, მეოთხე შვილი – შარამბალი გასწვდებოდა ყველას. ხალხი ლექსებს მღეროდა შარამბალაზე, ქალებს სახე უნათდებოდათ მის დანახვაზე, ხალისით ეზიდებოდნენ მძიმე კოკებს და მუშაობოსას სულ არ იღლებოდნენ.

იქნებ იმიტომ გაუბედა, შარამბალი ომში რომაა წასული. არა, მაგიტომ არა, განა ეს სამი ვაჟკაცი, ანდა თვითონ ბებერი შიოლაც არ ეყოფოდა იმ გაღლეტილ იაგორას? როგორ გაბედა, როგორ დაემუქრა, საკვირველია, როგორ გაბედა! შიოლა გზაზე მიდიოდა და იმ იაგორას სამი წლის ბიჭი გზაზე გადაუდგა. რა უნდა ექნა – ფერებას ხომ არ დაუწყებდა, საკუთარ შვილებს არ მოფერებია შიოლა: თავში წამოარტყა და გზა განაგრძო, მაგრამ თითისტოლა ბალღმა უკანიდან ქვა ესროლა. გაოცებული შიოლა მოტრიალდა და ბრაზისაგან დაღმეჭილ პატარა სახეს მიაჩერდა. ქვა კი ასცდა, მაგრამ სულერთი არ იყო? გამოერკვა და ნელა მოიქნია ხელი, მაგრამ საიდანღაც გამოვარდა იაგორა, ის გლახაკი, და ბავშვი ხელში აიტაცა. ბავშვის მამას შეაცქერდა, ხელი ისევ ისე ჰქონდა შემართული.

ის თავხედი იაგორაც შიგ თვალებში უყურებდა, როგორ გაბედა - მას ხელი არ ახლო, მე მიყავ რაც გინდა. ეს სიტყვები ნაღდად მორჩილებას ნიშნავდა, შიოლას ცოტათი მოეშვა გულზე, მაინც აგდებულად ჰკითხა - ვითომ რომ ვახლო, რას მიზამ? საოცარი დაცინვა იყო აჩხოტის ბატონის ეს შეკითხვა, მაგრამ იაგორამ დაიჩოქა, მიწაზზე ხელისგული დააბჯინა და უტხრა - დედამიწის მადლმა, თუ შეგარჩინო! ძაღლოს ბედი ჰქონია იაგორას, მაინცდამაინც იმ დღეს არ ეტყვა წელზე აჩხოტის ბატონს ხანჯალი. ახლაც, სოხანეზე მზერადაბჯენილს, იაგორას მუქარა გაახსენდა და ძმებმა შვებით ამოისუნთქეს – ღიმილმა გადაჰკრა შიოლას სახეზე: „არ შეგარჩენო, შარამბალი არ ამიკუწოს ერთბაშად“.ე

არა, მაინც როგორ თავიდანვე შეეტყო შარამბალსს მაგარი ბიჭობა, უფრო მოიღუშა შიოლა – აშკარად სჯობნიდა ბიჭი, სანამ ბავშვი იყო ძმებთან თამაშობდა, არავითარ ყურადღებას არ აქცევდა შვილებს შიოლა - არ ასიამოვნებდა პატარების ყურადღება. უფრო მეტიც - ზიზღით შესცქეროდა ახალ დაბადებულ და წამოჩიტულ შვილებს, საოცრად უსუსურები იყვნენ მის თვალში ბავშვები, ხანჯალსაც კი ვერ დაიჭერდნენ ხელში.ყველას შეეძლო მათი მოტყუება, არაფერი გაეგებოდათ ამ ბრუნდე ცხოვრებისა და შიოლა მზერას არიდებდა შვილებს; უნებურად თუ შეეჩეხებოდნენ თვალში, შიოლა წარბებს შეჰკრავდა და გ ვერდზე მიაბრუნებდა თავს. მერე, როცა დაჭაბუკდნენ, მალულად, შვილებს რომ არ შეემჩნიათ, ეჭვით შეათვალიერებდა მათ მხრებსა და მკლავებს. ეს სამი ბიჭიც კარგი მეომარი დადგა მაგრამ შალამბარი სამივესე ერთად შეჰკრავდა. ჩუმი, უსიტყვო შალამბარი პირველად რომ დაატრიალა შალამბარმა თავისი ხმალი, იქაურობა აიკლო იმისმა ყიჟინმა.

იმ დღეს ძმებიც კი ვერ გაეკარებოდნენ სიახლოვეს-მტრებით გარშემორტყმული, ყველას ხოცავდა, საცა კი ხმალი მიოწვდებოდა, და სიხარულისა თუ გატაცებისაგან,საზარლად ბღაოდა. მეორე ომში უკვე გულდინჯად იქცეოდა, მისი ხმა აღარ ისმოდა, ხმალი კი უფრო ხშირად ელავდა მზეზე. მერე მობეზრდა არად ჩასაგდები მეომრების ხოცვა, თუ როლიმე ღირსეულ მოწინააღმდეგეს გამოუყვანდნენ, სიხარულით შეებრძოლებოდა და ამარცხებდა. ასე მოჰკლა ლეკების ერთ-ერთი სახელგანთქმული მებრძოლი, ასეთი შვილი ჰყავს შიოლას, ეს რა გაუბედა იმ ქეციანმა იაგომ.

ხალხი ლექსებს მღეროდა შარამბალზე, ის კი ათასში ერთხელ თუ ჩამოვიდოდა აჩხოტში და უსაქმურობისაგან აღარ იცოდა რა ექნა. სოფლის განაპირას მიწაზე წამოწვებოდა დაბალახის ღეროს გაირჭობდა პირში. მთქნარებით ათვალიერებდა მისი დანახვით აღტაცებულ ქალებს და მთებისაკენ იცქირებოდა – იქით, ოთხი მთის გადაღმა,მართლაც რომ კარგი ქალი ეგულებოდა, ცეცხლივით დედაკაცი. ერისთავებისათვის მისწრება იყო შარამბალი - ხალხი აღარ ეხოცებოდათ - თავმომწონე მოწინააღმდეგეებსთთავიანთ ყოჩთან ორთაბრძოლას სთავაზობდნენ და გამარჯვებაც ხელთა ჰქონდათ.

შიოლაც გაააზნაურეს, პირველი კაცი გახდა აჩხოტში შიოლა და... უნდა მოკვდეს იაგორა! - ხანჯალი მომაწოდე ბიჭო!

ცეცხლზე აპრიალებულ იარაღს დააკვირდა, ქარქაში მიწაზე დადო.

დიდხანს უცქერდა - მერე თითქოს ხანჯალს წვერი მოუცვდა, მერე სულ დაიმალა წვერი, ხანჯალი ვადამდე თითქოს ნელ-ნელა დნებოდა, დაპატარავდა, დაუნდობლად შეცურდა რაღაც რბილსა და უხილავში, ვადაღა შერჩა ხელში შიოლას - იაგორას ნელ-ნელა ეფლობოდა სატევარი...

„დედას ვუტირებ, თუ შიოლა ვარ...“
უცნაური ჯეელი იყო მთხრელი – მუშაობა არ ეპიტნავებოდა, ნადირობა ეზარებოდა, ომში ყურით ვერ წაათრევდა და არავინ იცოდა, საიდან ჰქონდა იმოდენა ღღღონე. ქალებთან ღლაბუცი უყვარდა, თავხედურად უმზერდა სხვების ცოლებს,მაგრამ ჭკუათხელიაო, ამბობდნენ. მთლად გიჟსაც არ ეძახდნენ, რადგან მოსწრებული ლექსების თქმა იცოდა. ერთთავად სულელივით იკრიჭებოდა, ხმას თუ ამოიღებდა, ლექსებით ლაპარაკობდა. წყაროსთან წამოწოლა უყვარდა – იქ კაცს რა ჩაიყვანდა, ქალები კი ხშირად ეზიდებოდნენ წყალს.

იწვა მთრეხელი მხარ-თეძოზე (იმ შერჩეულ ადგილზე ბალახი აღარ ამოდიოდა) და რომელიმე გათხოვილს თავისი ჭკუით ღალატისათვის ამზადებდა:
არა მწამს რა დიაცისა,
როგორც მოწმენდილი ცისა,
დღეს რომ თავზე გევლებოდეს,
ხვალ გახდება უცბად სხვისა.

ქალი მოთმინებით უცდიდა კოკის ავსებას, წაიყრუებდა ხოლმე, ბრაზდებოდაკიდეც, მაგრამ მაინც აინტერესებდა, კიდევ თუ იტყოდა რამეს მთხრელი. იტყოდა, რას იზამდა:
დალოცვილო ქერისპურო,
ანაცერო დიკისაო,
ქალავ, გქონდეს შებრალება
უცოლოსა ბიჭისაო.
ქალს ჩაეცინებოდა და მაინც უფრო ბრაზდებოდა. იქაურობას უნდა გასცლოდა, ასე უნდოდა, მაგრამ რა ნელა მოდიოდა ის ოხერი წყალი - აშკარად მთხრელის მხარეზე იყო...
გაუთხოვრებთან უფრო ეადვილებოდა გაშაირება:
მთას ვიყავ, გრილი წყარო ვსვი,
ბარად ჩამოველ – მაჭარი,
ქალაუ, შენ რა იცოდი,
მე ვიყავ შენი ვაჭარი.
გაუთხოვარს ასე აუფანცქალდებოდა გული, რომ...

მერე რა, ჭკუათხელი რომ ოყო,
სამაგიეროდ, ლამაზიც გახლდათ მთხრელი.
მაინც ბევრს დაუწუნებია და გაბრაზებული გულში ჩაილაპარაკებდა ხოლმე:
ქალავ, წითელს თავსაფარზე
ია დაგკიდებია,
ჩემი დაწუნებისთვის
ცეცხლიმც წაგკიდებია.
ბოლოსდაბოლოს, ერთ გაუთხოვარს მაინც აუბნია თავ-გზა: მაშინვე შეატყო,შექებაზე რომ დნებოდა ის გოგო. რამდენჯერაც დაინახავდა ციკოს, რაიმე ამდაგვარს ეტყოდა:
რად მინდა ქინძი ქანძური
ან შინაური მხალია,
მე მინდა შენებრ ლამაზი,
თოლ – წარბი ჰქონდეს შავია.
სისველეს ერიდებოდეს,
ფეხები ჰქონდეს მშრალია,
წყალზე ისე მიგოგავდეს,
როგორც ყანაში მწყერია,
შინაც ისე მიდიოდეს,
როგორც აჯილღა ცხენია.

გახარებული ციკო ნაწნავის ბოლოს იჩეჩავდა და ცდილობდა, მართლაც აჯილღა ცხენივით წასულიყო შინისაკენ. რაც არ უნდა ყოფილიყო, ლამაზი ბიჭი გახლდათ მთრეხელი.

მუშაობისაგან დაღლილი, გაწამებული იაგორა თავის ეზომდე მოატანდა თუ არა, სამი წლის ბიქი მუხლებზე შემოხვევდა ხელებს და რაც არ უნდა დაღლილი ყოფილიყო, ძალა ემატებოდა იაგორას. ხელში აიყვანდა, მაგრად ჩაიკრავდა გულში და ეუბნებოდა --- როგორა მყევხარ, გახუტა ბიჭო!
-კარქა.
-უუ, შენ გენაცვალოს მამაშენი, რამდენი წლისა ხარ, აბა თუ მეტყვი?
-სამისა.
-გუშინაც სამისა არ იყავი?
-მერე?
ბავშვი გაკვირვებით უყურებდა, დაბნევაც ეტყობოდა, იაგორა ვეღარ ითმენდა და ისევ გულში იხუტებდა - სამისა ხარ, გენაცვალე, სამისა!
დაბინდებამდე ერთი სული ჰქონდა იაგორას, საღამოობით ცოლ – შვილს შესცქეროდა, სიამით ევსებოდა გული. მერე რა, ღარიბი რომ იყო, ბედნიერი კაცი გახლდათ იაგორა, ერთთავად ღიღინებდა, ათასში ერთხელ თუ გაუფუჭდებოდა ხასიათი - ომში როცა ეძახდნენ. არ უყვარდა იარაღის ხმარება, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა - ომში წასვლამდე მეზობლებში ჩაჯდებოდა და ისინიც ჰყვებოდნენ, რომ... თურმე სოფლები გადაუწვავს მტერს, თურმე სულ გაურეკავთ საქონელი, სხვის სისხლში ამოთხვრილ ბელადს დახოცილებზე უცეკვია და აჩხოტელებს წინააღმდეგობა რომ არ გაეწიათ, იმათ ცოლ-შვილსაც ტყედ წაასხამდნენ.

ბრაზისაგან გაფითრებული იაგორა ქვედა ტუჩს იკვნეტდა და გულმოდგინედ ლესავდა ხმალს. ბრძოლის დაწყებამდე ცოლ-შვილი ეზმანებოდა, გათოკილნი, ცემა-ტყეპით მიჰყავდათ სადღაც, უუ... მაგრად ბღუჯავდა ხმალს იაგორა. ალბათ, ცოტასღა ახსოვს მისი ორლესური - სთვისაც მოექნია, აღარც ეწერნენ ცოცხლებში. სათარეშოდ კი ვერაფრით წაიყვანდა კაცი იაგორას – სხვისი ლუკმა არამიაო, ამბობდა. ბევრი ვერ დაიკვეხნიდა იმდენი ჭრილობით, იაგორას რომ ჰქონდა მარცხენა მხარი ისარმა დაუფლითა, ძლივს მოირჩინა; მერე იდაყვზემოთ ისე დაჭრეს, ძვალი მოუჩანდა თურმე. ისიც მოირჩინა.

ბარძაყში ხანჯალი ატაკეს, ორ კვირას კოჭლობდა იაგორა. ლოყაზე გრძელი, წითელი ნაიარევი ჰქონდა - გახუტა გაკვირვებით უცქერდა სახეზე და პატარა თითის ჭრილობაზე ჩამოაყოლებდა ხოლმე, მთელ სიგრძეზე. ჟრუანტელი უვლიდა იაგორას – ძალიან დიდი განსხვავება იყო იმ მტკივნეულ ჭრილობასა და ბავშვის ფუნჩულა თითის შეხებით გამოწვეულ სიამოვნებას შორის. საოცრად განსხვავებული ორი გრძნობა ერთმანეთში ითქვიფებოდა და არეტიანებდა იაგორას – ერთი უბრალო გლეხკაცი იყო, აღარ შეეძლო ამდენის ატანა: - ნელა, ნელა, შვილო...

შიოლა თუ რამეს გადასწყვეტდა გუნებაში, ვეღარავინ შეაცვლევინებდა. არავინ იყო ამის შემძლე, თვითონაც კი.
იაგორა უნდა მოეკლათ შიოლას და მის შვილებს.

მოწყენილი მთრეხელი წყაროსთან წამოწოლილიყო და ამთქნარებდა. მაინც რა მოუვიდათ, ერთი ქალი არ გამოჩენილა ახლომახლოს. მხართეძოზე იწვა, დაკონკილ შარვალ – ხალათს დასცქეროდა: --,,აი, ერთი ახალი ახალი ტანსაცმელი რომ მისცა...“

შორიახლოს თორმეტი ძროხა ბალახობდა. ეჰ, ეს ძროხები მისი რომ ყოფილიყო...ხელად გაყიდდა, ტანსაცმელიც ექნებოდა და კაი გოგოსაც მოხიბლავდა...

ნაბიჯების ხმა მოესმა და გული აუჩქროლდა – როგორც იქნა, როგორც იქნა... თავი წამოსწია, ლექსის სათქმელად მოემზადა და უეცრად სახე მოეღრუბლა – ვიღაც კაცი მოდიოდა მისკენ. კი ეუცნაურა, მაინც ვერ გაიხსენა,ვინ იყო. გაკვირვებული წამოჯდა და შეაცქერდა, კაცი კი ძალიან ახლოს მივიდა მასთან, თავზე დაადგა და უთხრა:

  • ზეზე წამოდექი, მთრეხელო!..
    ხმისამოუღებლად დაემორჩილა – ძალიან ძლიერი ხმა ჰქონდა იმ კაცს.

  • რა გინდა?

  • ფული გინდა?

  • ფული? - გაიკრიჭა მთრეხელი და კაცის ძლიერი სახის დანახვაზე მაშინვე პირზე შეაცივდა ღიმილი, - მინდა, როგორ არ მინდა,მინდა...

  • მერე, ხომ იცი, ტყუილად არავინ მოგცემს...

  • ვიცი, განა არ ვიცი...ე

  • ერთი ძნელი საქმე უნდა დაგავალო.
    მთრეხელი მუდარით შეაცქერდა,ძლივს მოითქვა სული - ძალიან ძნელია?

  • ძალიან.
    შუბლზე მოისვა ხელი,კაცი ისევ მკაცრად უყურებდა,მერე თითქოს ოდნავ, ერთიბეწოზე გაუღიმა და მთრეხელს გული მოეცა, - შევძლებ, რამდენს მომცემ რო...

  • შეძლებ?

  • რა ვიცი, აბა...

  • დაეჭვდა მთრეხელი.
    კაცი გულდასმით ათვალიერებდა თავიდან ფეხებამდე, ერთი-ორჯერ მთრეხელმაც დაიხედა ტანზე, მერე ისევ კაცს შეაცქერდა, რომელიც დაკვირვებით დასცქეროდა მუხლგამოგლეჯილ შარვალზე, ისევ დაიხედა ფეხებზე მთრეხელმა და სწორედ ამ დროს შემოესმა:

  • შიოლა უნდა მოჰკლა.
    უზარმაზარი ჩანჩქერივით ახმაურდა წყარო. რაც კი ავი სულები ბუდობდნენ იმ დაბურულ ტყეში, ყველამ თავი გამოჰყო ფუღუროებიდან, მთრეხელს ცხვირ-პირში მივარდნენ, შეაშინეს, სახე აულეწეს და მაშინვე ყველაფერი გაქრა - გაფითრდა ბიჭი.

  • ვინა? - ძლივს ამოღერღა.

  • მშვენივრად გაიგე, - წყნარად უთხრა კაცმა, - ზედმეტებს ნუ ვილაპარაკებთ.
    მთრეხელს მუხლები მოეკეცა, მიწაზე დაჯდა. ერთხანს დავრდომილივით იჯდა და მერე მტრულად ამოხედა კაცს, - იცი რას გეტყვი?

  • თქვი, გისმენ.

  • შენ გიჟი ხომ არა გგონივარ, ვიღაცა ხარ.
    კაცმა გაიღიმა.

  • ერთი რამე დაგავიწყდა.

  • რა?

  • ფული.
    თუკი სადმე კეთილი სული იყო იმ დიდ ტყეში, ყველა თავზე შემოეხვია მთრეხელს.
    ყველა ეფერებოდა, ის მლიქვნელი ნიავიც თავზე უსვამდა ხელს, ვიღაცა შიშველი ქალი გულუბრყვილოდ სთავაზობდა ლამაზ, თეთრ სხეულს.
    რა უნდა ეთქვა, გაიღიმა:

  • რამდენს მომცემ რო...

  • ბევრს.

  • მაინც?

  • ას ძროხას შეგიგროვებ, გავყიდი და მოგცემ.

  • ამდენი სადა გაქვს, ვინა ხარ?

  • მე? - გაიღიმა კაცმა.

  • შენა, ჰო.
    .. -გაბრაზდა მთრეხელი.

  • ხალხი ვარ.

  • ხალხი?

  • ჰო, ხალხმა გამომგზავნა.

  • „შიოლა უნდა მოჰკლა“, გაახსენდა მთრეხელს და ისევ შიშმა აიტანა:

  • იმის შვილებს ვიღა გადაურჩება?!

  • სადმე გადაიხვეწე... ყველგან იცხოვრებს ფულიანი კაცი.
    „ფულიანი კაცი“, ამაყად გაიფიქრა მთრეხელმა.

მერე ტყეს გახდა, ცოტათი გული დაწყდა, მაშინვე ინუგეშა თავი - „სხვანაც იქნება ასეთი ტყე და წყარო, ეგ არაფერი“... მაინც კიდევ სხვა რაღაცაზე ეთანაღრებოდა გული, იფიქრა, იფიქრა და ძლივს გაახსენდა: „ჰო მართლა,ციკო“... გულზე მოეშვა, ხელი ჩაიქნია: „იჰ, ციკოს დედაც ვატირე“... - შენ ისა თქვი, ფულს როდის მომცემ.

  • შორიდან გიყურებ. თუ მოჰკლავ, სოფლის ბოლოს დაგელოდები და ფულს იქ მოგცემ. ისეთ ცხენს გაჩუქებ, წყევლაც ვერ დაგეწევა. - რომ არ მომცე? - თავხედურად გაუღიმა მთრეხელმა.

  • მაშინ დარჩი და სანამ მოგკლავენ, იმის შვილებს უთხარი,ხალხმა დამავალა - თქო. ხომ იცი, ყველას ამოგვწყვეტს შარამბალი. „ჰო, მართლა, შარამბალი!“ - თავზარი დაეცა და ფეხზე წამოდგა, - მერედა, შარამბალს სად დავემალო?!
    შენი ნებაა, ქვეყანა დიდია. „სწორია, დიდია“, - გაეხარდა მთრეხელს, მაგრამ ისევ ეჭვმა შეიპყრო, - ყველამ ხომ არ იცის? - რა? - რა და... აი... - გაუძნელდა იმ სიტყვების თქმა მთრეხელს და გაბრაზდა: - რო უნდა მოვკლა! - არა, მხოლოდ თავკაცებმა ვიცით. - მართლა, რატომ უნდა მოვკლა? - ვითომ არ იცი...

  • ვიცი, როგორ არ ვიცი, გაგვყვლიფა... ახი იქნება მაგაზე. - შენ ისა თქვი, - გააწყვეტინა კაცმა, - ხმალი თუ გაქვს... - მშვილდ-ისრით მოვკლავ. - იშოვი? - კი, მეზობლებს გამოვართმევ. კაცმა დიდხანს უყურა თვალებში და მერე დინჯად, ჩუმად უთხრა: - აბა, შენ იცი, მთრეხელო...
    ცხენზე შეჯდომას რომ აპირებდა შიოლა, უზანგში რომ შეჰყო ცალი ფეხი, აშკარად იგრძძნო, მთელი სხეული უძაგძაგებდა.

ეს შიში იყო, არა, რა შეაცბუნებდა ძარცვა-გლეჯაში დაბერებულ შიოლას – ბრაზისაგან ცახცახებდა. ჯერ იმ გაღლეტილი იაგორას ჯავრი არ ეყოფოდა? ახლა კი, თურმე, ნუღარ იკითხავთ და ის ქვეყნის მასხარა მთრეხელი გაუგზავნიათ მის მოსაკ... ჩაეცინა შიოლას – როგორ არა, დიახ, სულ იმ ჭკუაზეა, მთრეხელისთანა შტერს მოაკვლევინოს თავი. არა, მაინც როგორ გაუბედეს!ჯერ მთრეხელს დაიჭერს სადმე და ყოფას უტირებს, სანამ არ ათქმევინებს, ვინ გამოგზავნა, მერე ქათამივით გამოსჭრის კისერს და შემდეგ იაგორასაც მიასაკლავებს. გიჟი და გადარეული რომ იყო მთრეხელი, აქამდეც იცოდა, მაგრამ ამას თუ გაბედავდა, მაინც არ ეგონა.რა დაემალებოდა შიოლას – როგორც ყველგან, აჩხოტელებშიც აღმოჩნდა მოღალატე. იგი ღამით მივიდა შიოლას სახლთან, ფეხაკრეფით მიიპარებოდა,ვინმეს რომ არ შეემჩნია და,მთვარიან ღამეში ფეხისწვერებზე მიმავალს, ჯიუტად მისდევდა წაგრძელებული აჩრდილი. თვალებს აცეცებდა ნაბადში გახვეული მოღალატე და შიშით შესცქეროდა საკუთარ აჩრდილს, პატიოსნებასავით რომ გადაატარა მთელი სოფლის მიწაზე და წუმპეებზე.

ცხენზე ამხედრდა შიოლა ღუდუშაური, ლაგამი მაგრად მოზიდა. შვილებიც ცხენებზე ისხდნენ და მორჩილად შეჰყურებდნენ ზურგზე. აქამდე კრინტი არ დასცდენია შიოლას – არც იაგორაზე, არც მთრეხელზე, ახლა კი აღარ შეიძლებოდა დამალვა, ზიზღით მიუგდო შვილებს: - მთრეხელი უნდა შევიპყროთ, ცოცხლად... - ვინა?! - უნებურად გაიკვირვა ერთმა. - მთრეხელი! დაყრუვდი თუ რა... შვილები გაოცებით შეაცქერდნენ ერთმანეთს – ნეტაი რა დაუშავა იმ გიჟმა... თუმცა, რა ჩვენი საქმეა... ალბათ, ასეა საჭირო... ლაგამი ცოტათი მიუშვა შიოლამ, ნელი ნაბიჯით დაიძრა ცხენი.

არასასიამოვნო მოგონებამ შუბლი შეჭმუხნა – მთრეხელის პაპა, სუღუტა, უბადლო მეომარი იყო. ერთხელ ლეკების ბელადმა ძმა მოუკლა ომში, გააფთრებულ სუღუტას ბელადისაკენ ბრძოლით გაუკაფავს გზა – ხმალი რომ გადასტეხია,ხანჯალი მოუშველებია, მერე ხანჯალი ვიღაცის ნეკნებიდან რომ ვეღარ გამოუღია, მშვილდ ისარი მოიმარჯვა თურმე, საოცარი კამარა შეუკრავს, პირდაპირ ლეკების ბელადისაკენ გაფრენილა, ზედ მკერდთან მიუტანია დაჭიმული მშვილდი და შიგ გულში უძგერებია ისარი. ის კი კარგი ვაჟკაცი იყო, მაგრამ ეს ქვეყნის პამპულა მთრეხელი ამას თუ გაბედავდა, როგორ ეგონა... ყოფას უტირებს, თუ შიოლაა. გული კი მაინც სხვას ურჩევდა, თანაც ერთი კი არა, ორი ხმა ესმოდა. ერთი დარბაისლურად, თავდაჭერილად ემასლათებოდა: „ნუ მიდიხარ, შიოლა, ნუ, შინ დაელოდე, დაბრუნდი, მკვლელის შესახვედრად ვინ წასულა, შენ რომ მიდიხარ? ამ ხნის კაცი ხარ, ნუ აჩქარდები,ნუ“... მეორეხმა ძალიან შინაურულად, სხაპასხუპით აყრიდა: „ კაი ახლა, კაცო, მოატრიალე ეგ ოხერი ცხენი და შინ დაბრუნდი“...

მესამე ხმა კი... არა, ეს ხმა არ იყო, ეს გახლდათ ყოვლისშემძლე სიჯიუტის სიამოვნება, მთრეხელის შესახვედრად სიარულს რომ უბრძანებდა შიოლას.
და მაინც...
„ ნუ მიდიხარ, ნუ...“
„ კაი ახლა, დაბრუნდი...“
ლოყაზე სისველე იგრძნო, გაკვირვებით აიხედა მაღლა. შიგ თვალში მოხვდა მეორე წვეთი, ქუთუთოები ააპარპალა – აჰაა, წვიმს... ღრუბელი შეათვალიერა და უეცრად მაგრად მოზიდა ლაგამი – მოსახვევში, კლდის პირას, მთრეხელი იდგა და დაბნეული შესცქეროდა შიოლას და მის შვილებს
ერთხანს გაშეშებული მისჩერებოდნენ ერთმანეთს, ცხენებიც კი გაყუჩდნენ ადგილზე. გაქვავებული შიოლა უაზროდ შესცქეროდა მთაგრეხილს. იმისი შვილებიც გაკვირვებით უმზერდნენ სოფლის მასხარას. ასე უმოძრაოდ დიდხანს არ შეიძლებოდა ყოფნა – მაინც ვერ გამოერკვნენ და ახლა ბუნდოვნად გრძნობდნენ, როგორ მატულობდა წვიმა. წვეთები ჯერ მტვერში აშიშინდნენ, პაწია ბურთულებად შეჰკრეს მტვერი, ნელა, ჯიუტად მატულობდა წვიმა, ჯერ ჭორფლივით დააჩნდა მიწას, მერე სისველემ გადაგლისა მტვერი, ხეებისა და ბუჩქების მიკრძალებული ჩრდილები დაეტყო ალაპლაპებულ მიწას, მხრებზე აწვიმდათ გატრუნულ აჩხოტელებს, ქუდები დაუსველდათ – მძიმე წვეთი ჯერ ზლაზვნით დაგორდა ფაფახიდან და მერე ლოყაზე რომ ჩამოურბინა შიოლას, გამოერკვა და მაშინვე ბრაზმა იფეთქა:

  • ცხენიდან ჩამოხე!
    მუხლები მოეკვეთა ისედაც გაოგნებულ მთრეხელს - „ იცის ალბათ ყველაფერი იცის “...

ენა დაუმძიმდა, მერე შიშმა მაინც აალაპარაკა, თვალთმაქცობაც გადაწყვიტა:

  • მე? - გაიკვირვა, - რატომ... ბატონო?
  • ჩამოეთრიე მეთქი!!
    შვილებმაც დაუბრიალეს თვალები, ძლივს აათრია წელი მთრეხელმა. ატორტმანებული დახვდა მიწა, ცალი ხელით უნაგირს დაეყრდნო.
    ცოტათი დაწყნარდა შიოლა – აღარ ვარგოდა კაცად მთრეხელი. აღარც ის გამაფრთხილებელი ხმები ესმოდა და დამშვიდდა, წყნარად უთხრა:
  • მშვილდი მოიხსენი.
  • მშვილდი? რათა?...
  • მოიხსენი მეთქი, - ხმა აიმაღლა შიოლამ, - მოწაზე დააგდე!
    მთრეხელმა ნელა წაიღო მშვილდისაკენ ხელი.

ეჰ, ყველაფერი დაკარგული იყო, თუმცა... თუმცა...
ვინ იცის, საიდან მოვიდნენ ეს საოცრად ძლიერი, ლამაზად შეკრული სიტყვები.

გაოგნებული სიტყვებსაყოლილი მთრეხელი ნელა მარცვლავდა გონებაში:
ცხენი მთხოვე და დაგითმე, მშვილდს რაღად მართმევ რქისასა,
მშვილდი აღარ დამეთმობა, ადგილს ვარ ნაპირისასა.
გადმოვიღებ და გულსა ვკრავ ბატონსა აჩხოტისასა,
აქამდე სჭამე აჩხოტი, ახლა მე გაჭმევ ქვიშასა.
და ამ ლექსმა პაპამისის – სუღუტას მთვლემარე სისხლი გააღვიძა მთრეხელში. ახლა ის სისხლი დაბორიალობდა მთელ სხეულში და საცა კი გაფითრებულ შიშს წააწყდებოდა, წითლად ღებავდა. „დედას გიტირებ“, - გაიფიქრა და მაგრად დაეყრდნო მიწას, ნახტომისათვის მოემზადა. მშვილდი უკვე ხელში ეჭირა; გაბრაზდა შიოლა, აშკარად აგვიანებდა იარაღის მიწაზე დაგდებას მთრეხელი.

  • დააგდე-მეთქი, შე ძაღლიშვილო!
    და,ყველასათვის მოულოდნელად,საოცრად ლამაზი კამარა შეკრა მთრეხელმა.ჯერ ორიოდე ნაბიჯი გაირბინა, ისარიც გადმოიღო ამასობაში და შიოლასაკენ ისე გაფრინდა, როგორც პაპამისი სუღუტა. საშინელი სისწრაფით უახლოვდებოდა აჩხოტის ბატონს, შემკრთალმა შიოლამ ვერაფერი მოასწრო, მხოლოდ იმ მეორე ხმამ, სხაპასხუპით რომ ელაპარაკებოდა, რაღაც ამდაგვარი ჩასძახა ყურში: „ხო გეუბნებოდი, ხო გეუბნებოდი,რატომ არ დამიჯერე,ეხლა რაღაა, შენ შენთვის და მე ჩემთვის“... იმ დინჯმა ხმამ კი ვერაფრის თქმა ვერ მოასწრო-ზედ მკერდზე მიაფრინდა მთრეხელი და შიგ გულში აძგერა ისარი შიოლას...
    გაოგნებული შვილები სანამ დაიჯერებდნენ, რაც მოხდა, მთრეხელი თავის ცხენს მოახტა და გაქუსლა, შიოლა კი ნელა, ძალიან ნელა გადაიხარა გვერდზე და ალაპლაპებულ, წყლით გაჟღენთილ მიწაზე უხმაუროდ დაეცა.
    შორს, ცხრა მთას გადაღმა ომი იწყებოდა. ლეკების ახალმა ბელადმა ვერ გაბედა შარამბალთან შებმა.

მეომრები ხმალს უქნევდნენ ერთმანეთს, შარამბალი მოწყენილი შესცქეროდა ბრძოლას და უეცრად გულმა ძალიან ცუდი უგრძნო.

ვინ იფიქრებდა, შვილები როდისმე ხელს თუ შეახებდნენ აჩხოტის ბატონს. ახლა კი მხრებზე, ხელებზე ეჯაჯგურებოდნენ, აჯანჯღარებდნენ და შეშინებულნი ემუდარებოდნენ: - მამი, მამი, შემოგვხედე, მამი... სად ეცალა მათთვის სულთმობრძავ შიოლას – ახლა იგი ჯერ კიდევ ყურს უგდებდა გონების დინჯ ხმას: „ხომ გაგაფრთხილე,შიოლა, ხომ გაგაფრთხილე.“ ისევ ეჯაჯგურებოდნენ შვილები. მერე ყველაზე გონიერმა ძმამ თქვა: „ვაცალოთ... სიკვდილი ვაცალოთ...“ და დაჩოქილნი შეაცქერდნენ მამას. იმან კი დამბლადაცემული მარცხენა ხელი მარჯვენათი მოძებნა, ფათურით იპოვა და მაგრად მოუჭირა თითები.

ტკივილი ვერ იგრძნო – გულაღმა იწვა და კვდებოდა, მარჯვენა ხელს კი ისე მაგრად უჭერდა მარცხენას, თითქოს მთრეხელს ჩაფრენოდა ხელში. მოახრჩო, მოგუდა მთრეხელი,ახლა იაგორაღა დარჩა მოსაკლავი, ვის ჯავრს ჩაიტანდა მიწაში შიოლა ღუდუშაური – ცოტათი მაღლა აუყვა მარცხენა ხელს და ისე მსგრად, მაგრად შემოაჭდო თითები, ისიც მოგუდა, ისიც მოახრჩო და... საბოლოოდ დამშვიდდა აჩხოტის ბატონი. სამაგიეროდ, ცხრა მთის იქით შარამბალი გაცოფდა - გონება ამღვრეულმა ხმალს დაავლო ხელი, ცხენს მოახტა და შუაგულ ომში შევარდა. აღრიალდა, ბრაზისაგან ცახცახებდა,მტერ-მოყვარეს ვეღარ არჩევდა, ვისაც მიწვდებოდა, დაუნდობლად ჩეხავდა შარამბალი და ისე საზარლად ბრდღვინავდა, თითქოს პირველად იქნევდა იმ თავის ათასჯერ გამაძღარ ხმალს.

  • ნუ, ნუ მომიკლავთ!.. იხვეწებოდა ციკო.

  • გადი აქედან!.. - მანდილი შემიბღალეს, ხალხო, მანდილი, შემოხვეწილს მიკლავენ – გაჰკიოდა ციკო. - მაინც რამ წაგიქცია ის ვერანა ცხენი, მთრეხელო... ერთადერთ საკომურს მიაწყდნენ ძმები, მთრეხელი კუთხეში მიკუნჭულიყო და, მობუზული, მაინც ანთებული თვალებით იცქირებოდა. ერთმანეთს ხელს უშლიდნენ ძმები, მხრებით აგდებდნენ ერთმანეთს საკომურიდან. სამივეს უნდოდა, თვითონ მოეკლა მთრეხელი, ხმლით და ხანჯლით კი არა, ისრით, მხოლოდ ისრით.
    -შე უბედურო, შენა!.. - გაჰკიოდა ციკო.

ხმაური რომ შემოესმა, უფრო მოიკუნტა მთრეხელი. ეჭვით მიაშტერდა საკომურს და დამიზნებული ისარი რომ დაინახა, გვერდზე გახტა. ხის ბოძში ჩაერჭო ათრთოლებული ისარი, შიშით შეაცქერდა ბრაზისაგან აცახცახებულ იარაღს დაუეცრად კეფაზე დაუნდობელი მზერა იგრძნო.საკომურისკენ შეტრიალდა და ახალი ისარი მონახა, ალესილი წვერი შიგ თვალებში ჯიუტად მისჩერებოდა მთრეხელს. რა უნდა ექნა, მშვილდი ჭენებისას დაჰკარგა, უძლურებისაგან გამწარებულმა და გონება დაბინდულმა, ხელით დაიწყო ისრების ტყორცნა საკომურისაკენ. - ვაიმე, მთრეხელო, ლამაზო ბიჭო!.. - გაჰკიოდა ციკო. - ოო, შიოლა,შე უბედურო! - მჯიღებს იბაგუნებდნენ მკერდზე ღუდუშაურები.

მუცელში ეძგერა ისარი მთრეხელს, ორივე ხელით დაეჭიდა,მაინც ვერ გამოიღო. გადაირია, რაღაცაზე ხომ უნდა ეყარა ჯავრი. გამწარებულმა თავისი არაფრისმაქნისი ისრები სათითაოდ გადატეხა და ნამტვრევები იატაკზე დაანარცხა.

ბარძაყში ტკივილი იგრძნო, მერე მხარშიც ეძგერა ტკივილი, ჩაიჩოქა, შუბლი დაარტყა მიწას. მოიკუნტა, მუხლებზე შემოიხვია ხელები; ახალ-ახალ, სხვადასხვანაირ, უმწარეს ტკივილებს გრძნობდა, ყველაზე ცუდი წვიმა აწვიმდა ზურგზე მთრეხელს – მაინც არ გაშალა ტანი, მოიბუზა, დამრგვალდა, მთლად ზურგდაისრული, უზარმაზარი ზღარბივით მოკუნტულიყო მიწის იატაკზე.

  • ოო, შიოლა! შე უბედურო, შენა!.. - ტიროდნენ ღუდუშაურები.

  • ოო, მთრეხელო! შე საცოდავო, შენა!.. - ლოყებს იხოკავდა ციკო.

  • ოო, შიოლა! შე უბედურ ვარსკვლავზე გაჩენილო, შენა!..

  • გაჰკიოდნენ ღუდუშაურები.
    იქით, ცხრა მთას გადაღმა, შარამბალიც ღრიალებდა.

  • ცხვირი სადა გაქვს, ბიჭავ, ცხვირი?

  • აქა, აი.

  • თვალები სადა გაქვს, გახუტა ბიჭო, თვალები?

  • აქა, - სასაცილოდ აფახულებდა წამწამებს.

  • მელა მოერევა თუ მგელი?..

  • მგელი.

  • მგელი მოერევა თუ დათვი?

  • მგელი.

  • ვინა, ვინა?

  • დათვი.

  • აბა რა, დათვი მოერევა... შენ ვერ მოერევი დათვსა?

  • მოვერევი... გავიზარდო ჯერა!

  • უუ, შენ გენაცვალოს მამაშენი, გახუტა ბიჭო!!!

Authors get paid when people like you upvote their post.
If you enjoyed what you read here, create your account today and start earning FREE STEEM!
Sort Order:  

გამოუშვი შემდეგი.