RE: All Colors Of Georgia

You are viewing a single comment's thread from:

All Colors Of Georgia

in travel •  7 years ago 

კალიგრაფიამ
შეცდომაში არ შეგიყვანოს, ელენ,
ჩემი ხელია. ჩემივე ხელმოწერით,
რომელიც მკვეთრად მიუარესდება სიცივეში, მაგრამ ხომ გახსოვს,
ჩვენ, სიტყვების და ფრაზების მიღმა უნდა ვცნობდეთ ერთმანეთს
და არა ზედაპირზე დაწერილი კარგი თუ ცუდი კალიგრაფიით.

ელენ,
მე ვიმყოფები
ცნობიერის გარეუბანში და მცივა,
არაფერი განსაკუთრებული,
ცნობიერის გარეუბანიც ქალაქის გარეუბანივით ცივია,
ნაცრისფერი და ვერაფრით იხდენს გაზაფხულს.
ეს ისე, შედარებისთვის, თორემ მე არ მაწუხებს, არც მაშინებს...
იქ ვიმყოფები, სადაც უნდა ვიმყოფებოდე _
ფიქრის კედლებსა და ნატყვიარ ფასადებს შორის.

ფასადზე გამახსენდა,

ზუსტად შენხელას
არაერთხელ მინახავს თვალით
ქალაქის ცენტრში
გახვრეტილი ტყვიით _ ფასადი,
დანახშირებულ შენობების, სხვენის, მანსარდის
თავზე სრულიად საიდუმლო
კოცონის კვალი...

ელენ, და
იმ დროს
ჩვენ, ბავშვები, სუფთა ფურცლებზე
ვწერდით სურვილებს
და ამ ფურცლებს საგულდაგულოდ
გაყინულ კედლის ნატყვიარში ისე ვმალავდით,
რომ არაფერი დაენახათ ჩვენზე უფროსებს.

ეს ჩვენი ბავშვური თამაში იყო,
თითზე ჩამოსათვლელი თამაშებიდან ერთ-ერთი
და დღეს განახლებული კედლების მიღმა
პირვანდელივით ინახება ჩვენი მაშინდელი სურვილები
და, კარგად თუ დააკვირდები, შეამჩნევ კიდეც მათ:

ახალი წლის დადგომამდე თითქოს ამოიბურცებიან ასახდენად,
მაგრამ მხოლოდ ბზარებს უჩენენ კედლებს.
უწყინარ სურვილებსაც სჭირდებათ დაკვირვება.
კედლებსაც, მამ,
აი წაკითხვით კი არ უნდა წაიკითხო,
რადგან შენ შენი სურვილები გჭირდება, ახდენილი სურვილები,
რომლებიც აღარასდროს დაიმარხებიან ბეტონის კედლებს უკან.

და ისევ ჩემი ცნობიერის გარეუბანი...
ყურზე ხელები უნდა აიფარო,
ისეთი შემაწუხებელი სიჩუმეა აქ.
სრულიად მარტო ვარ, მაგრამ ჩემს მარტოობაში
არასდროს შემიმჩნევია ასეთი ხალხმრავლობა.
ეს არ მაწუხებს, არც მაშინებს,
რადგან უბრალო განმარტოება _ დასვენებაა,
მარტოობაში ხალხმრავლობა კი
ნამდვილი სიმარტოვე.

Authors get paid when people like you upvote their post.
If you enjoyed what you read here, create your account today and start earning FREE STEEM!